X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კომისიამ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლოების საჭიროებებზე იმსჯელა

31 ოქტომბერი 2019


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დღეს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლოების საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. 

რიგით მე-20 სხდომას კომისიის თავმჯდომარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.   

სხდომაზე განიხილეს რამდენიმე აქტუალური საკითხი, მათ შორის: ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად ფინანსური დახმარებისა  და სტუდენტების 2019-2020  აკადემიური წლის დაფინანსების საჭიროებები.  

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ვიჩენთ და ეს ყურადღება გამოიხატება, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე სოციალური დახმარების ნაწილში. ქალბატონმა ქეთევან ციხელაშვილმა მოგვაწოდა ინფორმაცია USAID -ის დაფინანსებით ახალი შესაძლებლობების თაობაზე, რაც გულისხმობს, საპარტნიორო ფონდთან ერთად, ეკონომიკური განვითარების ახალი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობაზე. იმედი გვაქვს, რომ მუნიციპალიტეტები უფრო აქტიურად იმუშავებენ მოსახლეობასთან, რათა ამ საგრანტო დაფინანსების ფარგლებში უკეთესი ეფექტი მივიღოთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

კომისიის თანათავმჯდომარის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, 2013 წლიდან შთამბეჭდავი მოცულობის საქმე გააკეთა კომისიამ, რაც პირდაპირ აისახა მოსახლეობის ყოფაზე, საუბარია მავთულ-ხლართებით დაყოფილ 116 სოფელში მცხოვრებ 50 ათას ადამიანზე. 

„დღეს კომისიამ გადაწყვიტა, რომ სტუდენტები, გამყოფის ხაზის მიმდებარე ყველა სოფლიდან,  კვლავ მიიღებენ სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებას 2019-2020 სასწავლო წლისთვის, რაც მათი ოჯახებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. ზოგადად, ძალიან გვახარებს, რომ გვაქვს მშობლიურ ადგილებში მოსახლეობის დაბრუნების დინამიკა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა და ამიტომ გავაგრძელებთ არამხოლოდ ასეთ საჭიროებებზე რეაგირებას, არამედ გავზრდით მხარდაჭერას განვითარების თვალსაზრისით,“ - თქვა ქეთევან ციხელაშვილმა.